თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის გამოძიების საქმეს რთული საქმეების კატეგორიას აკუთვნებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც წუხელ გვიან ღამით ბორჯომში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა ახალი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.
„ეს საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი კატეგორიის საქმეებს განეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს… დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ გავასწრებთ მოვლენებს“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამ დროისათვის, ბორჯომის ტყეში ცეცხლის გაჩენიდან ერთი კვირის თავზე, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა ცოცხალი ძალა და ტექნიკა, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელები.