თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ანა მენთეშაშვილი, საკრებულოს თანამშრომელი, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, მისი ცოლის დაა.
ზურაბ ნეფარიძეს ბრალად ედება ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ყოველთვიურად, ხელფასიდან 400 ლარის გამორთმევა იმის სანაცვლოდ, რომ ის სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ.
აღნიშნულ ფაქტზე ასევე დაკავებული იყო ზურაბ ნეფარიძის ვაჟი, ასევე ზურაბ ნეფარიძე. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება საკუთარი მამის წინააღმდეგ მისცა და გათავისუფლდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ნეფარიძე 25 აგვისტოს დააკავეს.