თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის ტყის მასივში (ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საზღვართან) მდებარე ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ხელოვნური ნამოსახლარი აღმოაჩინეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად კომპლექსური არქეოლოგიური სამეცნიერო საველე კვლევით სამუშაოებს ატარებს.
არქეოლოგებმა სამი კულტურული ფენა აღმოაჩინეს. ძეგლის ზოგადი ქრონოლოგია მოიცავს ძველი წელთარღიცხვის მესამე ათასწლეულის შუახანებიდან — ადრეანტიკურ პერიოდს (ძვ. წ. 2500 — ძვ.წ. VI-V საუკუნეები).
„საინტერესოა, რომ „ტაბაკონის“ ხელოვნურ ნამოსახლარზე აღმოჩნდა შუაბრინჯაოს ხანის კოლხური ძელური ნაგებობის ნაშთები (ხიმინჯებიანი საძირკველი), რაც სამეცნიერო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ზოგადად აქ მოპოვებულ არტეფაქტებს სისტემატურად გერმანიაში უტარდებათ შემდგომი ექსპერტიზა, რომელმაც შექმნა ახალი სამეცნიერო დასკვნების გაკეთების წინაპირობა", — ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი დაკონსერვდება და ის მომავალი თაობის შემდგომი ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლებელია, ახალი კვლევების საგანი გახდეს.