თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილით ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ჩამოვარდა. ის წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. დაშავდა ასევე ერთი მაშველი. ისინი ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
"საბედნიეროდ, ოთხივეს მდგომარეობა მსუბუქია. არც ერთს არ აღენიშნება მძიმე დაზიანება. პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარებულია. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია… მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის შესახებ მალე გახდება ცნობილი.
"მფრინავების პროფესიონალიზმმა იხსნა მათი სიცოცხლე, მათ მოახერხეს წყალზე მომხდარიყო ავარიული დაჯდომა", — განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ეკიპაჟის წევრებს გმირები უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან.
"ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რადგან ავიცილეთ დიდი უბედურება. ჩვენი სამივე მფრინავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში. 600-ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას, 1300 ტონა წყალი გამოიყენა. ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები გმირები არიან და მათ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან", – განაცხადა მღებრიშვილმა.
ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, პირველი ქვეითი ბრიგადისა და საინჟინრო ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
გარდა ამისა, ცეცხლს ებრძოდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელარუსის ვერტმფრენები და თურქული სპეციალური თვითმფრინავი.