თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. დღეს დილით ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობდა: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანის და ერთი — ბელარუსის. ხანძარი ბორჯომის ხეობაში ჩამქრალია, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
სტიქიის ზონას დღეს სავარაუდოდ აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადა დატოვებს. მათ ბანაკის დაშლა დაიწყეს.
დღეს გაიმართება საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი სტიქიის ზონაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესახებ.