თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში მოსახლეობა ნიკეას ქუჩაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის ფაქტს აპროტესტებს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
მოსახლეობის ინფორმაციით, მრავალწლიანი წიწვოვანი ხუთი ხე ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევში დღეს დილით, გამთენიისას მოჭრეს.
ადგილობრივები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და ბრალს ადგილობრივ ხელისუფლებას სდებენ.
„მოჭრილია სრულიად ჯანსაღი ხეები, ამ ფაქტზე სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნუგზარ ესაკიამ.
როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, ბრძანება ქალაქის მთავრობას არ გაუცია. თუმცა, რამდენად კანონიერად განხორციელდა ხეების მოჭრა, ამ საკითხის მოკვლევას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც გეგმავენ.