თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის ხეობაში, სადაც მეექვსე დღეა ხანძარი მძვინვარებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა, განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ხანძარი სოფელ დაბასთან ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარი უნიკალური ტყე. სიტუაციას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის ჩაქრობაში 1500 მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
„ჩვენმა თანამშრომლებმა გამოავლინეს არაერთი ადამიანი, სამწუხაროდ, კანონი არ მაძლევს მათი დასახელების უფლებას. ესენი არიან მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, მაგრამ მოვა დრო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს", — განაცხადა აგულაშვილმა.
მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს, რომ მაშინ, როდესაც ხალხის უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, ადამიანების ცალკეული ნაწილი ბრაკონიერობას აგრძელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ხე-ტყის უკანონო ჭრა ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს სხვა ტყეებსა და მინდვრებში ხანძარი გაჩნდა. საზოგადოება საგანგებოდ დაგეგმილ დივერსიაზე ალაპარაკდა. უფრო მეტიც, ბორჯომის ტყეში მოხალისეებმა ბენზინის კანისტრა და ბოთლის ნატეხები აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, „მოლოტოვის კოქტეილს" ჰგავდა.
შს მინისტრი მიიჩნევს, რომ მომხდარის ვერსიებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 187-ე მუხლით ("ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით"), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.