თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებმა „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ნიკა გვარამია სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცების საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში აღიძრა მას შემდეგ, რაც უკრაინულ პორტალზე გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. აღნიშნულ ჩანაწერში გვარამია სააკაშვილთან „რუსთავი 2-ის“ დასაცავად საპროტესტო აქციის თემას განიხილავდა და „რევოლუციურ სცენარს“ სთავაზობდა მას.
„მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა. არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს იმიტომ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას", — განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მისი თქმით, საქმის მასალები მის ადვოკატებსაც გადასცეს, თუმცა დიდი მოცულობის გამო, ადვოკატებმა მათი გაცნობა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
„გამოძიება მიმდინარეობს, რას დაადგენს და როგორ დაადგენს გამოძიება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი და ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადაცია არის შეუძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ მას წარუდგინონ ბრალი ისეთი ტიპის საქმისთვის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მოახდინოს", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შაბათს სუს-ის შენობაში ასევე დაიბარეს გიგა ბოკერიაც.