„ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად, ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!"

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმოხუცი ლოცვისას
მოხუცი ლოცვისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა...

ხატია გიგოლაშვილი

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. 

მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია. მის საფლავზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის, რათა ილოცოს და იცხოს ზეთი.

ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, ქართველი წმინდანი მამა გაბრიელი 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა თბილისში, თეთრიწყაროს 11 ნომერში. ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. 

საოცრად მძიმე გზის გავლა მოუხდა მამა გაბრიელს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან  წმინდანობამდე. მის ოჯახში ქრისტეს  ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. იგი მეუღლესაც (შემდგომში მონაზონი ანა)  უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის პატივსაცემად, გოდერძის ბავშვობაში პატარა ვასიკოს ეძახდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული

პატარა გოდერძი ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ბავშვის ასეთი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. 

სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა. მან თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი დაამთავრა.

ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც მამა გაბრიელის ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. ყველასგან მალულად, 70 მანეთი შეაგროვა და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. წიგნი ნავთლუღის ბაზარში იყიდა. ბუკინისტს უთხრა, ქრიტეს ცხოვრების ისტორია მინდა, შევიტყოო, როდესაც დახედა ნაყიდ წიგნს და სათაური „სახარება“ ამოიკითხა, ბაზარში უკან მიბრუნდა, ალბათ ბუკინისტმა სხვა წიგნი მომყიდაო, თუმცა გამყიდველს ვერსად მიაგნო: უთხრეს, ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო…

თავის სახარებას განუწყვეტლად კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. დედამ მამა გაბრიელს სხვა ბავშვებივით ცხოვრება მოსთხოვა. შვილისგან  უარის მიღების შემდეგ, განრისხებულმა  სახარება საპორფარეშოში ჩაუგდო. ბავშვმა წიგნი სასწრაფოდ ამოიღო, ჩაიხუტა და გულსაკლავად ატირდა. იგი იმ ღამითვე გამოიპარა სახლიდან თავის სახარებასთან ერთად.

ეკლესია - Sputnik საქართველო
კვლევა: საქართველო ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა ევროპაში

გზაში სხვადასხვა  მონასტრები იფარებდნენ, გაყინულსა და დაქანცულს ათბობდნენ და აპურებდნენ. გარკვეული დროით ის თბილისში, ერთმა  მკითხავმაც შეიფარა. მთელი ამ დროის  განმავლობაში დედა თავდაუზოგავად ეძებდა შვილს, მიაგნო კიდეც და სთხოვა, შენ ოღონდ დაბრუნდი და როგორც შენ გინდა, ისე იცხოვრეო. მამა გაბრიელმა ეზოში თავისი ხელით, ალიზით, ააშენა სენაკი, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად.

1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა.

საეკლესიო ცხოვრება

გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი, იდევნებოდა სარწმუნოება, ინგრეოდა და იხურებოდა ეკლესიები.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება

1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მამა გაბრიელმა თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც დააბრძანა კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები, რომელთაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა“– ამბობდა მამა გაბრიელი. ხელისუფლება  ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით). 

1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად ეკურთხებინა. 1955 წელს გოდერძი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელ ათონელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად აკურთხა. 

მამა გაბრიელმა 1965 წლის 1 მაისს,  კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს. გაავებულმა ბრბომ მამა გაბრიელი უმოწყალოდ ჩაქოლა, გამოცხადდა სამოქალაქო განგაში და ბერი სიკვდილს მხოლოდ მე-8 პოლკის ჩარევამ გადაარჩინა. იზოლატორში იგი ყბა-სახისა და სხეულის 17 მოტეხილობით გადაიყვანეს, კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

ბოლო წლები და გარდაცვალება

სიცოცხლის ბოლო წლებში აღსრულდა მამა გაბრიელის  ბავშვობის ნატვრა: ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი,

იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე: „უკუბოოდ, მანტიით დამმარხონ. ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი".

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია. 

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.

 

მომზადებულია ინტერნეტში არსებულ ღია წყაროებზე დაყრდნობით

 


ყველა ახალი ამბავი
0