თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პროფკავშირებისა და მათი მომხრეების აქცია "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რკინიგზელები უკვე მეათე დღეა, შიმშილობენ "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის შენობასთან. ისინი მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას და უწყების პრეს–სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიასა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვასილ ხორავას გადადგომას. რკინიგზის ადმინისტრაცია პროტესტანტების მოთხოვნებს კატეგორიულად არ ეთანხმება.
შიმშილობის მეათე დღეს პროფკავშირების აქციის მონაწილეებმა "საქართველოს რკინიგზის" შენობაში შეჭრა გადაწყვიტეს, რის შედეგად პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეხლა–შემოხლის შედეგად საბოლოოდ დაკავებულია ათი ადამიანი, მათ შორის სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"–ის აქტივისტი ირაკლი კუპრაძე.
"საქართველოს რკინიგზაში" მომხდარს პროვოკაციად განიხილავენ.
"მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე, სადაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ სცადეს საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით აღკვეთილ იქნა", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რკინიგზელების უკმაყოფილება ორი თანამშრომლის ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანამ გამოიწვია. მათ 15 აგვისტოს თბილისში "საქართველოს" რკინიგზის" შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს, ორმა რკინიგზელმა კი — შიმშილობა. შემდეგ ერთ-ერთი მოშიმშილე დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და შიმშილობა შეწყვიტა. სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეს შეუერთდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები და შიმშილობა დაიწყეს. ამჟამად ადმინისტრაციის შენობასთან 16 ადამიანი შიმშილობს.