თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირანის და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან ბათუმში, სადაც 17-24 სექტემბერს ХII საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი გაიმართება.
ფესტივალი (Batumi International Art-House Film Festival) — სამ მთავარ ნომინაციას ითვალისწინებს — საუკეთესი მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ტრადიციულად კინოფორუმის პროგრამაშია ორი კონკურსი: ეროვნული და საერთაშორისო.
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ცნობილი ირანელი კინორეჟისორი და სცენარისტი მოჰსენ მაჰმალბაფი უხელმძღვანელებს, დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის — ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი.
მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილეობენ ისეთი ფილმები, როგორებიცაა კანის ფესტივალის მონაწილე კორნელ მუნდრუცოს „იუპიტერის თანამგზავრი", რომელშიც ერთ-ერთ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს, მარიამ ხაჭვანის „დედე" და სხვ.
ამ კონკურსში ჟიური დაასახელებს საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს, ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლებს. გათვალისწინებულია ჟიურის სპეციალური პრიზი.
დოკუმენტური კინოს კატეგორიაში ცხრა ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალ BIAFF-ის გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გახდება. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის მაესტროს სპეციალური პრიზი გადაეცემა.
კინოფესტივალის ჩვენებები სხვადასხვა მოედანზე ჩატარდება — კინოთეატრ „აპოლოში", სასტუმრო Wyndham-ის კონფერენცდარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ — ერას მოედანზე.
დეტალური ინფორმაცია საავტორო კინოს ХII საერთაშორისო ფესტივალ BIAFF-ის პროგრამისა და მონაწილეების შესახებ იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF საქართველოში 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა დროს ფესტივალის საპატიო სტუმრები ყოფილან მსახიობი ნასტასია კინსკი, რეჟისორი ოთარ იოსელიანი და სხვები.