თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 25 აგვისტოს მონაცემებით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 16-მა პარტიამ გაიარა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
ქალაქებისა და რაიონების 64 მერისა და 64 საკრებულოს დეპუტატთა არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
რეგისტრაციაზე განაცხადი 32-მა პარტიამ შეიტანა, დოკუმენტებში შეუსაბამობის გამო უარი ორ მათგანს ეთქვა. დანარჩენი პარტიების განაცხადები განიხილება.
ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: „საქართველოს ევროპელი დემოკრატები", ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", „ხალხის პარტია", მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო", „ახალი მემარჯვენეები", „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია", „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე", „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", საქართველოს ლეიბორისტული პარტია, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო".
გარდა ამისა, ცესკოში რეგისტრაცია საინიციატივო ჯგუფმა გაიარა, რომელიც თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წარადგინა.
პარტიების რეგისტრაცია 27 აგვისტოს დასრულდება.