თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს, ინფორმაცია „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა 22 აგვისტოს დღისით მოხდა. მოძალადეებმა ფაქტი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ძალადობის თვითმხილველები იყვნენ როგორც ზრდასრული, ისე არასრულწლოვანი ბავშვები. დაზარალებულის ახლობლები მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.
„ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა. ახლა ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა, თქვენ თვითონაც ნახეთ ვიდეო, რაც გაუკეთეს. სახე აღარ უჩანს, ისეა ნაწამები“ — განუცხადა ჟურნალისტებს დაზარალებულის დედამ.
დაზარალებული ამ დროისთვის კომატოზურ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გამოვა თუ არა დაზარალებული კომიდან, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
როგორც დაზარალებულის მშობლები აცხადებენ, მათი შვილი რუსთავში იმყოფებოდა, რა დროსაც დაახლოებით შვიდმა ადამიანმა ის ძალის გამოყენებით გაიტაცა, სოფელ ყარაჯალარში, მინდორში გაიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ გააუპატიურა.
როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ოთხი პირი დააკავეს. ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც დადგენილი არიან და მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს — წამება, ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
დაკავებულებს შორის არიან გოგონას მეუღლე და ძმა.
ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ მათ იმავე მეთოდებით თავად გაუსწორდებიან.
„საქსტატის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 2014 წლის აღწერის მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში 4 136 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ.