თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახშირებული ხანძრის შემთხვევებიდან გამომდინარე, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის შესაბამისი სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ, ნათქვამია მხარის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.
აღნიშნული ინიციატივით გამოვიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამმართველო.
„შესაბამისი სამსახურები ტყეების მონიტორინგისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიმართულებით გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
მხარის გუბერნატორის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით.
ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია ათობით ჰექტარი უნიკალური ტყე. სიტუაციას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს.
ძლიერი ხანძრები რამდენიმე ადგილას გაჩნდა თბილისში, ასევე მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.