თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 სახანძრო შეტყობინება დაფიქსირდა, იუწყება ვებ-გვერდი Global Forest Watch-ი თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
Global Forest Watch — ვებ-პლატფორმაა, რომელიც ტყის მასივების მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნულ ინტერნეტრესურსს მხარს უჭერენ მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI), Google, საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტო (USAID) და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი შეტყობინება (279) დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი (51) და შიდა ქართლი (16).
რაც შეეხება 2017 წლის დასაწყისიდან დაფიქსირებულ მონაცემებს, ამ პერიოდში 692 სახანძრო შეტყობინება დაფიქსირდა, რაც 76 შემთხვევით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, უკანასკნელ კვირაში სომხეთში დაფიქსირდა 40 სახანძრო შეტყობინება, აზერბაიჯანში — 281, თურქეთში — 1724, რუსეთში — 59600.
ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია ათობით ჰექტარი უნიკალური ტყე. სიტუაციას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს.
ძლიერი ხანძრები რამდენიმე ადგილას გაჩნდა თბილისში, ასევე მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.