თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მისი განცხადებით, ამჟამინდელი ვითარება ხეობაში საიმედოა და თუ ამინდმა, კერძოდ კი ქარმა მეხანძრეებს ხელი არ შეუშალა, ხვალისთვის ცეცხლი ლოკალიზებული იქნება.
ალავიძემ აღნიშნა, რომ დარჩენილია რამდენიმე კერა, რომლებსაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ.
"რკალი გვაქვს გაკეთებული ცეცხლის არეალისთვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. 1500-მდე ცოცხალი ძალა გვყავს ჩართული ცეცხლთან ბრძოლაში, ჩვენი ტექნიკა ჯამში 60 ერთეულამდეა, 25 მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან არის. მუშავდება კერები. დაკვამლიანების პრობლემა არ არის. ორი თვეა არ უწვიმია, ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივდება. რამდენიმე კერა გვაქვს კიდევ დარჩენილი, მაგრამ ამას ვერტმფრენები ამუშავებენ", — განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.