თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ამჟამად ცეცხლს ებრძვის 400 მეხანძრე, 100 ტყის მცველი და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ცეცხლის ჩაქრობაში ასევე ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი.
აბაშიშვილის განცხადებით, მიღების გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთობლივად მიიღეს.
ადმინისტრაციის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
"კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად იქცა… დღესაც გვინდოდა, ღონისძიებები ყოფილიყო მასშტაბური, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყდა მხოლოდ მინიმალისტური ღონისძიებებით დღევანდელი დღის აღნიშვნა", — განაცხადა აბაშიშვილმა.
ღონისძიებებს შორისაა კონსტიტუციის ქუჩაზე 18:00 საათზე კონსტიტუციის დღის აღნიშვნა, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივით ჩატარდება, ასევე გამოფენა — საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ერთგვარი ისტორიული კონტექსტი და სხვა.
ზუსტად 22 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაამტკიცა. 1991 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის დედანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინახება.