თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს, განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სტუდქალაქში განთავსდა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, სამი საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მოიცავს საკონფერენციო ოთახს, სამედიცინო პუნქტს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახსა და სასადილოს.
სტუდქალაქის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება სტუდენტების განაცხადების დაკმაყოფილება.
სტუდქალაქის ტერიტორიაზე ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე 2,3 მილიონი დოლარი დაიხარჯა. საერთო საცხოვრებელი აშენებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებს შესაბამისად. საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს ადმინისტრაციული შენობა და სამი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმროს ტიპის ბინებით.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გამწვანდა და კეთილმოეწყო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია. გაკეთდა ბილიკები, მოეწყო გარე განათება და სპორტული მოედანი. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო.