თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბერლინის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Konzerthaus Berlin 2017 წლის 29 აგვისტოს გაიმართება მუსიკალური საღამო ქართველი შემსრულებლების — ჯაზ-პიანისტ გიორგი მიქაძის, ვიოლონჩელისტ ლიზა რამიშვილისა და ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" ტრიოს მონაწილეობით.
საღამო სახელწოდებით Klassic Meets Jazz ("კლასიკა ხვდება ჯაზს") ჩატარდება ქართულ-გერმანული წლის — გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში.
როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, კონცერტზე ექსკლუზიურად შესრულდება კომპოზიციები პროექტ GEORGIAN OVERTONES-ის ფარგლებში, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე. ანსამბლი "ბასიანი" გამოვა სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძისა და ზურაბ ცქრიალაშვილის შემადგენლობით.
გარდა ამისა, კონცერტში ასევე მონაწილეობენ: აღიარებული შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი, ბიორნ ანფინსენი (საყვირი), ელენ ანდრეა ვანგი (კონტრაბასი) და ევა კლესი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
საღამო ჩატარდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების, ფესტივალ Young Euro Classic-ის ფარგლებში.
კონცერტის პირდაპირ ეთერში გავა ფრანგულ-გერმანულ კულტურის ტელეარხზე ARTE. ტრანსლაციის ხილვა შესაძლებელია აქ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო ორგანიზატორია გერმანიაში საქართველოს საელჩო.