თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. დღეიდან საქართველოში დაიწყო მზადება ახალი მასშტაბური პროექტის — კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესაქმნელად, რომელიც პირველად 2019 წელს წინანდალში გაიმართება.
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი კლასის მსოფლიო არტისტები, ასევე საგანმანათლებლო ხასიათისა იქნება და მასში განათლების კომპონენტიც იქნება ჩადებული.
"ეს პროექტი Silk Road Group-თან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ორგანიზებაში ჩართული არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის ფესტივალებს აკეთებენ ევროპის მასშტაბით. სწორედ ამ პროფესიონალების გაკეთებულია ყველაზე ცნობილი ფესტივალები. ესენი არიან ძალიან ცნობილი ადამიანები ევროპიდან და ისრაელიდან", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი ფესტივალი ქვეყანას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.
"წინანდალი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერა, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება. ეს იქნება მთელი კახეთისა და საქართველოს მასშტაბით ეფექტის მომტანი. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვიწყებთ", — განაცხადა პრემიერმა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კომპანია Silk Road Group-ს შორის მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ხელი 2017 წლის იანვარში მოეწერა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წინანდალში ფესტივალის ჩასატარებლად იგეგმება 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკების, საკონცერტო დარბაზების, ასევე მულტიფუნქციური ფართების მშენებლობა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს წინანდალში საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაფუძნებას, რომლის ფარგლებში ჩამოყალიბდება 60 ადამიანისგან შემდგარი ახალგაზრდული ორკესტრი. ახალგაზრდობასთან კლასიკური მუსიკის გამოჩენილი შემსრულებლები და პროფესორები იმუშავებენ.