თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს მოუწოდებს მოერიდონ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ზონას.
ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს საქართველოს ორი ვერტმფრენი, აზერბაიჯანიდან — ერთი, ასევე ელოდებიან ვერტმფრენებსა და თვითმფრინავს თურქეთიდან და დახმარებას სომხეთიდან.
„რაიმე სმოგით დაბინძურების საშიშროება ამ წუთის მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, თავის დაზღვევის მიზნით, მათ ვისაც სხვადასხვა სახის ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს, მოერიდონ გარეთ ყოფნას და ატარონ პირბადეები", — განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფელ დაბას მეზობელ სოფელ წაღვერში, რომლის სიახლოვეს ამჟამად მდებარეობს ხანძრის ერთ-ერთი კერა, უკვე კვამლის სუნი იგრძნობა.
„ჰაერის ხარისხს ვაკონტროლებთ. დამწვრის სუნი უკვე იგრძნობა. პირბადეების საკმარისი რაოდენობა გვაქვს, რომლებსაც დავურიგებთ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში", — განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის აღმოუჩინოს დახმარება ხანძრის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას.
„ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები", — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გევდრზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაიწვა 12 ჰექტარი ტყე. ხანძარს ებრძვის 300 მეხანძრე დაშსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი.
მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის დანარჩენი წევრებიც.