თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ და ასევე ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილზე დაყრდნობით.
ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობს ორი ქართული ვერტმფრენი, 1 — აზერბაიჯანული და ორსაც თურქეთიდან ელოდებიან.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. უკვე არის წინასწარი თანხმობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა", — ციტირებს დავითაშვილის სიტყვებს პირველი არხი.
ჟურნალისტების კითხვაზე, აწარმოებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს რუსეთთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა, რომ შესაბამისი მოთხოვნა ყველა მეზობელ ქვეყანას გაეგზავნა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ხანძრის ჩაქრობაში თურქული თვითმფრინავი ჩაერთოს.
"თურქეთიდან დაემატება ორი ვერტმფრენი, კიდევ საუბარია თვითმფრინავზე თურქეთიდან", — განაცხადა გომელაურმა.
ბოლო ინფორმაციით, მთლიანობაში დაიწვა 12 ჰექტარი ტყე.
მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.