თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, აალების ახალი კერები არ შეინიშნება, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების ბორჯომის სამსახურის უფროსმა ლევან ხუციშვილმა.
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა ხუთი ჰექტარი ტყე გაანადგურა. ქარისა და რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის სრულად ჩაქრობა უჭირთ.
"ვაგრძელებთ სამუშაოებს, პროცესი რთულია, თუმცა აალების ახალი კერები არ არის. ცეცხლი ლოკალიზებულია", — განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"დასახლებული პუნქტები ხანძრის ადგილიდან საკმაოდ შორის არის. ევაკუაციის დაწყების არანაირი საჭიროება არ არსებობს. მეხანძრეები და მაშველები მაქსიმალურად არიან ჩართულები ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში", — აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სიტუაცია დაამძიმა რთულმა რელიეფმა და ძლიერმა ქარმა, მაგრამ, მიუხედავ ამისა, სპეციალისტები და მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩააქრონ ცეცხლი.
"ხანძრის ადგილზე მანქანით მივემგზავრები. რელიეფი საკმაოდ რთულია, და სიტუაცია სწორედ ამ ფაქტორის გამო გართულდა", — აღნიშნა ხუციშვილმა და დასძინა, რომ 20 აგვისტოს ვერტმფრენი ხანძრის დაწყებიდან ერთ საათში ჩაირთო.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ არჯევანის შერეულ ტყეში ივლისის ბოლოს მომხდარი ხანძრის ჩაქრობა 2-3 დღე მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რელიეფი გაცილებით მარტივია, ვიდრე ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში.
"რაც შეეხება ახლანდელ ხანძარს, ის გუშინ დაახლოებით დღის პირველ საათზე დაიწყო, სწრაფად ასეთი ხანძრის სრული ჩაქრობა შეუძლებელია", — აღნიშნა მან.
ქართველ მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანელი კოლეგები დაეხმარებიან. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, საქართველოში გამოგზავნილია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი. ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა.
ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ტყის მასივის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში დამწვარი ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წარმოებდა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით.