თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ბორჯომი-ხარაგაულის პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მიიღებს მონაწილეობას, ვერტმფრენი უკვე გამოგზავნილია საქართველოში, აღნიშნულია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს Facebook-გვერდზე განცხადებაში.
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ქარისა და რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის სრულად ჩაქრობა უჭირთ.
"პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააგზავნა ვერტმფრენი, რომელიც ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალში ტყის ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ვერტმფრენი 21 აგვისტოს გაფრინდება და მეზობელ ქვეყანაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში მიიღებს მონაწილეობას", — აღნიშნულია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ტყის მასივის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში დამწვარი ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წარმოებდა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით.