თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-2017-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ, რომელიც წელს მთელი თვე — 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაგრძელდა და ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფესტივალად იქცა საგამოძიებო სამსახურს ჩვენება მისცა.
დაკითხვიდან გამოსულმა სიგუამ ჟურნალისტებთან იმის თაობაზე ისაუბრა, რითაა დაინტერესებული საგამოძიებო სამსახური.
„დეტალურად გამოგვკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენ წინაშე აქვს სხვადასხვა კომპანიას და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გვაქვს ჩვენ. გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხებთან არის დაკავშირებული, რას ვგეგმავთ“, — განუცხადა სიგუამ ჟურნალისტებს.
მანვე აღნიშნა, რომ, როგორც ეს დაგეგმილი იყო, 31 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ BlackSeaArena-ს სცენაზე ღონისძიებას გამართავს და მომავალ წელს კვლავ ჩაატარებს GEM Fest-ს.
სიგუა ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახური მას ბრალს არაფერში სდებს.
„გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ არ გვიჩივის“, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ფესტივალის ორგანიზატორები მზად არიან ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან.
თავის მხრივ, საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ფესტივალზე შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება მუხლით „დიდი ოდენობით ქონების დაზიანება“. თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ აკონკრეტებს, რომელ ქონებაზეა საუბარი.
ამასთან, ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც GEM Fest-ის შესახებ ინფორმაცია ინახება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზატორებისა და მეწარმეების დაკითხვა, რომლებიც ამ ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი“, — აღნიშნულია ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოპოვებული ინფორმაციისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გატარდება ყველა ზომა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.