თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისი საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism-ს, რომელიც მოვლენათა და სპორტული ტურიზმის განვითარებას ეძღვნება, 28-29 აგისტოს უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური თამაშების ორგანიზაციის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, სხვადასხვა სპორტული და სხვა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მაღალი დონის სპეციალისტები. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეწვევიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ეგვიპტის, კატარის და ჩინეთის წარმომადგენლები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს წარმომადგენლებიც.
„მოვლენათა და სპორტული ტურიზმი — აღნიშნულ მომენტში ერთ-ერთი მოთხოვნადი და განვითარებადი ტრენდია მსოფლიოში. საქართველოს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა ამ სფეროში მსოფლიოს მოწინავე პროფესიონალების გამოცდილება გაიზიაროს და ასევე აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების განვითარებაში“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ბოკოლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სამოყვარულო სპორტის განვითარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტულია. ბოკოლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება.
ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენცია Sportsway Tourism-ის საინფორმაციო პარტნიორი წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოა".
საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 3 მლნ ვიზიტორი იმყოფებოდა, რომელთაგან 1,3 მილიონზე მეტი ტურისტი იყო. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 26,2%-ით გაიზარდა.