თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველომ თავისი უძველესი ცივილიზაციით, ტრადიციებით, დამწერლობითა და ისტორიით ამერიკული პოპულარული ვებ-გვერდის TheTopTens რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
პორტალის მკითხველსა და მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა TheTopTens-ის მიერ შეთავაზებულ სიაში 98-დან ერთი ქვეყნისთვის მიეცა ხმა. რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა საბერძნეთმა, მეორე — ეგვიპტემ. ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდნენ რომის იმპერია და ჩინეთის ცივილიზაცია.
რეიტინგის შემდეგ პოზიციებზე აღმოჩნდნენ კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.
ვებ-გვერდის მომხმარებელს ხმის მიცემის გარდა ასევე კომენტარის დატოვებაც შეეძლო. საქართველოს დაახლოებით 300 კომენტარი ერგო. კომენტარებში აღნიშნულია, რომ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ღვინისა და ყველის სამშობლო, აქვს უნიკალური დამწერლობა და ისტორია, ჰყავს მამაცი ხალხი და მდიდარია კულტურით.
ამასთან, თავის მოსაზრებებს საქართველოს შესახებ მხოლოდ ქართველები არ წერენ. ასევე აქტიურობენ უცხოელები, რომლებიც ამ ქვეყანაში მოგზაურობდნენ. ზოგი წერს, რომ "ისტორია სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო", აღნიშნავენ ქართული სიმღერების, ცეკვების სილამაზესა და ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას.
The Top Tens — ესაა ონლაინ-პლატფორმა, რომელზეც წარმოდგენილია გამოკითხვების (ტოპ-ათეულები) შედეგები კულტურის, განათლების, ისტორიის, თანამედროვე კომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. ვებ-გვერდი 2005 წლიდან ფუნქციონირებს.