ლაშა ღლონტის წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ემოციური მომენტი

© courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია, რომ არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი ლაშა ღლონტი ბევრს მოგზაურობს და მისი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან დატვირთულია. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხული ყოფილა, განსაკუთრებული მომენტების გასახსენებლად მას თბილისში დავუკავშირდით.

 — ბატონო ლაშა, როგორც იტყვიან,  წელს მთელი სოციალური ქსელი თქვენთან ერთად მოგზაურობდა, ძალიან მრავალფეროვანი და შემოქმედებითად დატვირთული ზაფხული გქონდათ…

— გეთანხმებით, მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო ზაფხული მქონდა. თანამიმდევრულად გავიხსენებ: იტალიაში მიწვევით ვიმყოფებოდით მე, დავით არჩვაძე და აჩიკო ბერიძე, სადაც ორი კონცერტი გვქონდა. პირველი — ფლორენციაში, სადაც იტალიაში მცხოვრებმა ქალბატონმა, ნატა კეკელიამ მიგვიწვია. ფლორენციაში ძალიან კარგ, პატარა დარბაზში გვქონდა კონცერტი, რომელსაც იქაური ქართველობა და უცხოელებიც დაესწრნენ. კონცერტმა ძალიან წარმატებით ჩაიარა. მეორე კონცერტი გვქონდა მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ მანტოვაში, რომლის ორგანიზატორი გახლდათ შესანიშნავი ქართველი ბექა გუგოსაშვილი. სწორედ მისი სურვილით და იქაური მეუფის მხარდაჭერით კონცერტი მანტოვას კონსერვატორიაში ჩავატარეთ. იტალიაში კონსერვატორიაში კონცერტის ჩატარება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ  ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდა. აჩიკო ბერიძემ სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოამზადა იტალიური სიმღერა, რაც მაყურებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მე მეუღლესთან ერთად ვიყავი და შემდეგ ტურნე გავაგრძელეთ — დასასვენებლად ჯერ რომში, შემდეგ ვენეციაში გადავინაცვლეთ.   

© photo: Mancho Gachka / FBლაშა ღლონტი კოლეგებთან ერთად
ლაშა ღლონტი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი კოლეგებთან ერთად

- ვიცი, რომ ვენეციაში გონდოლაზე თქვენს მიერ ნამღერმა იტალიურმა სიმღერამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…

— დიახ, ეს მართლაც საინტერესო მომენტი იყო, როცა ვენეციაში, გონდოლაზე „ო სოლე მიო“ სამ ხმაში ვიმღერეთ. ვინც ჩვენს სიმღერას უსმენდა, ყველა გაოცებული სახეებით გვიცქერდა, ჩვენმა სიმღერამ მათზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ვენეციაში, ზოგადად,  გონდოლას მომღერლები ახლავს ხოლმე და იტალიელები ქართული მრავალხმიანობით შესრულებული  “სოლე მიოთი“, რომ იტყვიან, გაოცებული იყვნენ: ასეთი რამ სამ ხმაში ნამდვილად არ მოგვისმენიაო.  

- შემდეგი კონცერტი ისრაელში იყო…

— დიახ, იტალიიდან ისრაელში, ქალაქ აშდოდში გადავფრინდი. იქ, ბატონი მოსეს, დავით ბოთერაშვილის, ასევე იუზა მოშიაშვილის თაოსნობით  ქართველთა და ებრაელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელშიც  საქართველოდან  მე და ნოდიკო ტატიშვილი ვმონაწილეობდით. ეს კონცერტი აშდოდის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ეს იყო საქართველოსა და ისრაელის ერთობლივი, ძალიან თბილი და ამაღლებული შეხვედრა.  სასიხარულოა, რომ ჩემი სიმღერები იქაურ მაყურებელში ძალიან პოპულარული იყო. „მონატრებიხარ ფიქრებს“ და კიდევ  არაერთი სიმღერა ძალიან კარგად იცოდა იქაურმა მაყურებელმა…  ყველა გულწრფელად აღელდა, როცა მე, ნოდიკომ და იუზა მოშიაშვილმა ექსპრომტად სიმღერა „ჩემი საქართველო“  შევასრულეთ…

© photo: Achiko Beridze / FBლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად
ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად

- ბატონო ლაშა, საქართველოში თუ გქონდათ ამ ზაფხულს  კონცერტი?

— საქართველოს რეგიონებში მქონდა კონცერტები. მოვიარე ბათუმი, ლაგოდეხი, ქუთაისი… „ბათუმობაზე“  ბათუმში კონცერტი მაქვს დაგეგმილი — ამას ზაფხულის გეგმებს გეუბნებით. 17 სექტემბერს „ალილო“ მიემგზავრება პარიზში, სადაც ნინო ქათამაძესთან ერთად გამოვა. აგრეთვე მე, აჩიკოს და სანდროს თამარ ჭოხონელიძესთან ერთად გვქონდა ძალიან საინტერესო კონცერტი დასავლეთ საქართველოში და ახლა ვაპირებთ,  თბილისშიც გავაკეთოთ, სადაც ჩვენთან ერთად დათო არჩვაძეც იქნება. 

- ცნობილია, რომ საფრანგეთში უნდა ჩატარდეს საქართველოს დღეები…

— დიახ, პარიზთან ახლოს ტარდება საქართველოს დღეები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულინარია და ქართული ხალხური  სიმღერები.  ცალკე ნინო ქათამაძესაც აქვს კონცერტი, ასე, რომ ერთობლივად ძალიან საინტერესო პროგრამაა შედგენილი. აშშ-ში გვაქვს მოლაპარაკებები, სადაც სავარაუდოდ, მე და ბატონი მურმან ჯინორია გავემგზავრებით. რადგან ამერიკა ვახსენე, არ შემიძლია იქ მცხოვრები ერთი საოცრაც კეთილშობილი ადამიანი ზვიად ხუციშვილი და მისი მეუღლე, მარინა არ გავიხსენო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ისინი მოვიკითხო.  

© photo: Yuza Moshiashvili / FBლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი

- თქვენი ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ძალიან მოსწონს მაყურებელს…

— ჩვენ გაქვს ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური  კომპოზიცია „მაინც მოდის აპრილი“, სადაც ბატონი მურმანი ტერენტი გრანელის ლექსს კითხულობს, მე კი მაცაცო სებისკვერაძის სიმღერას ვმღერი. ეს კომპოზიცია მართლაც ძალზე პოპულარული გახდა და მსმენელმა ძალიან შეიყვარა. პირველად მურმან ჯინორიასთან ერთად ამერიკაში,  გიორგობაზე გახლდით მეუფე საბას მიწვევით და მას შემდეგ 6 წელი გავიდა. შესაძლოა, ერთად გასტროლზე წასვლა კიდევ მოგვიწიოს, მოლაპარაკებები უკვე მიდის.  

© photo: Achiko Beridze / FBლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად
ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად
 

- რით დაგამახსოვრდათ საბერძნეთში გასტროლები?

— საბერძნეთში ბატონ მურმანთან ერთად არაჩვეულებრივი გასტროლი გვქონდა, იქ არაჩვეულებრივი პუბლიკა იყო. აქვე მინდა საბერძნეთში ქართული დიასპორას  და პირადად, ქალბატონ ინგა ფალავანდიშვილს  დიდი მადლობა გადავუხადო. „ალილოსაც“ ჰქონდა საბერძნეთში წარმატებული კონცერტი, რომელსაც განსაკუთრებულად შეკრული ქართული ემიგრაცია დაესწრო, ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. 

- ბატონო ლაშა, მიუხედავად იმასა რაც ჩამოთვალეთ, ამ ზაფხულის ყველაზე ემოციური მომენტი რა იყო?

— ალბათ იცით, სამი თვის წინ შვილიშვილი შემეძინა და ზაფხულში, ბათუმში დილით მასთან მარტო ყოფნა მიწევდა — დამიჯერეთ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. 

© photo: Lasha Glonti / FBლაშა ღლონტი შვილიშვილთან ერთად
ლაშა ღლონტი შვილიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ლაშა ღლონტი შვილიშვილთან ერთად

- რას უმღეროდა შვილიშვილს მომღერალი ბაბუა?

— ახლა მე „იავნანა“ არ მომიხდება… მხიარულ სიმღერებს ვუმღერი ხოლმე ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. დავაკვირდი, განსაკუთრებით მანანას სიმღერა უყვარს. ამ სიმღერაზე ჩერდება ხოლმე. მერე მისი დედაც კარგად მღერის, მამაც და მგონი, მუსიკალური სმენა ნამდვილად ექნება. ხომ იცით, ბაბუას და შვილიშვილს შორის როგორი უხილავი ძაფებია. ფაქტობრივად, მეორე ცხოვრება დავიწყე, ეს ისეთი სტიმულია შემოქმედებასა და ბიზნესშიც, ვერ წარმოიდგენთ… როცა მათ ვუყურებ, საქმეს გაათმაგებული ენერგიით ვაკეთებ… 


ყველა ახალი ამბავი
0