თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროპაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები 16 აგვისტოს დააკვირდნენ მიგრანტების დეპორტაციის პროცესს დიუსელდორფისა და ათენის აეროპორტებიდან.
„ოპერაციის დროს ინციდენტები არ მომხდარა, არ დაფიქსირებულა ძალის გამოყენების ფაქტები. დადებითად უნდა შეფასდეს თვითმფრინავის ბორტზე მიგრანტებისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“, — ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დეპორტირებულებს საშუალება არ მისცეს ტელეფონით ოჯახს დაკავშირებოდნენ.
სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დროებითი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უფასო სამედიცინო მომსახურებას, იურიდიულ დახმარებასა და წლის განმავლობაში პროფესიული განათლების უზრუნველყოფას.
2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებმა საქართველოში 1 ათას 750 ადამიანის დეპორტაცია განახორციელეს. ამასთან, ყველაზე მეტი დეპორტირებული მოქალაქე შემოვიდა თურქეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან.