თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა ქვეყნიდან საქართველოს 13 მოქალაქის დეპორტაციის მიზეზად დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში 27 მარტს დილით ჩაფრინდნენ, თუმცაб საბუთების შემოწმების შემდეგ მესაზღვრეებმა ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს და დეპორტაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დეპორტირებულების თქმით, ისინი ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად მიემგზავრებოდნენ. მათ შორის, იყვნენ ბავშვები და ერთი სასულიერო პირი.
„სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა გარკვეული მიზეზების გამო, მათი კანონმდებლობის მეთოდოლოგიის შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით ქართველ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უთხრა უარი", — განმარტა ჯიშკარიანმა.
„დიდი მადლობა ჩვენს კონსულს, რომელმაც ისრაელში ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია, და მადლობა ჩვენი ოჯახების წევრებს, რომლებიც მხარში გვედგნენ ამ დღეების განმავლობაში… ჩვენ, ქართველებს, მოგვექცნენ ისე, როგორც ქრისტიანებს ექცევიან", — განაცხადა საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურმა ალექსიმ.
თებერვლის ბოლოს ისრაელმა საქართველოში 30 მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამან მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, მოგვიანებით მათ საქართველოში ისრაელის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი ცხოვრებას აპირებენ, დაზღვევა, საცხოვრებლად საჭირო თანხა და ორივე მიმართულებით ბილეთი. იგივე დოკუმენტები ესაჭიროებათ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში წასვლის შემთხვევაში. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდა.