თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აჭარის მთავრობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, განაცხადა რეგიონის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქება ოთხშაბათს, დღისით მოხდა. გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად ახლომდებარე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა. კიდევ რამდენიმე სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩასაქრობად 60-მდე მეხანძრე და მაშველი იყო მობილიზებული.
„ამ ეტაპზე ჩვენ მათ (დაზარალებულებს — რედ.) დროებით საცხოვრებელ ფართებს ვთავაზობთ. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზებით, ჩვენ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოძიების დასრულებამდე ჩვენ მცხოვრებლებს კონკრეტულ ბინებში გადასვლას ვთავაზობთ. არის კიდევ მეორე წინადადება: დაზიანებული სახლების გარემონტება. ჩვენ მცხოვრებლებისგან დადასტურებას ველოდებით, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — განაცხადა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.
თუ ხელისუფლებასა და დაზარალებულ მხარეს შორის შეთანხმება შედგება და მათ ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფენ, მაშინ მათი ძველი სახლები სახელმწიფოს საკუთრება გახდება, დასძინა მინისტრმა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიან დაშავდა, რომლებიც გაზგასამართ სადგურზე მუშაობდნენ. ერთ-ერთის მდგომარეობა რთულია, მას სხეულის 90%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ბათუმის საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების პროგნოზები არადამაიმედებელია.
როგორც გაირკვა, გაზგასამართი სადგური ქალაქის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ წინა დღეს ძლიერ სუნს უჩიოდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რაც ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაოებით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.