თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პაციენტის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს სხეულის 90%-იანი დამწვრობა მიიღო, კრიტიკულია, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" კლინიკა "მედინას" რეანიმაციული განყოფილების ექიმმა.
ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქება ოთხშაბათს, დღისით მოხდა. გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად ახლომდებარე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა. კიდევ რამდენიმე სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩასაქრობად 60-მდე მეხანძრე და მაშველი იყო მობილიზებული.
"პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯერჯერობით ის ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ვფიქრობთ მის გადაყვანას ბათუმიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია", — განუცხადა სააგენტოს ექიმმა.
მეორე დაშავებული, 31 წლის მამაკაცი უკვე გადაყვანილია თბილისის დამწვრობის ცენტრში. თავდაპირველად ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, მაგრამ ქუთაისელმა მედიკოსებმა მისი დედაქალაქში გადაყვანა გადაწყვიტეს.
"ერთი გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სადაც ანტიშოკური მკურნალობა უტარდება. პაციენტმა სხეულის დაახლოების 30%-იანი, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის დამწვრობის ცენტრის ექიმმა ზურაბ თარგამაძემ.
როგორც გაირკვა, გაზგასამართი სადგური ქალაქის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ წინა დღეს ძლიერ სუნს უჩიოდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რაც ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაოებით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.