თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის მასშტაბური ფესტივალის GEM Fest დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ არ გაურბის პასუხისმგებლობას და ყველა ვალის გადახდას აპირებს.
უფრო ადრე GEM Fest-ის თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუ ადმინისტრაცია თავის ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ, ასევე მიმართავენ სამართლებრივ ნორმებს.
"ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა ბევრი მიზეზის გამო. ამ დღეებში გვექნება პრესკონფერენცია და ამაზე ვისაუბრებთ, ყველაფერს მოვყვებით. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას, კიდევ ვიმეორებ, არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხები და უკლებლივ ყველა ყველა "კაპიკს" მიიღებს", — განუცხადა სიგუამ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში მაკედონიიდან დაბრუნებისას.
GEM Fest-ი წელს მთელი თვე გაგრძელდა — 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე. ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი სიგუამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ წელს ფესტივალი ფინანსურად მომგებიანი არ აღმოჩნდა.
მისი თქმით, იმასთან ერთად, რომ ინტოქსიკაციის გამო ფესტივალის სტუმარი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, იყო მრავალი ფორს-მაჟორი: წვიმა, ქარიშხალი, სეტყვისა და შტორმის შესახებ გაფრთხილება. სიგუამ აღნიშნა, რომ ამ ფაქტორებმა შეუშალა ხელი ორგანიზატორებს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში.