თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, ვინც მას ავრცელებს.
ამ დღეებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანაკლიაში, სადაც ფესტივალი ტარდება, ირანის მოქალაქე დააკავეს.
„პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გავრცელებაზე იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, ვინც მას ავრცელებს და წარმოადგენს იმ ადამიანების პირად პასუხისმგებლობას, რომლებიც მათ მოიხმარენ“, — განაცხადა სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სიგუას სიტყვებით, რთულია ათიათასობით ადამიანის გაკონტროლება, რომლებიც ფესტივალს სტუმრობენ.
„როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებასთან, რთულია გააკონტროლო ვინ რა გადაყლაპა და ვის რა აქვს ჯიბეში. არც ნარკორეალიზატორები და არც ისინი, ვინც მას მოიხმარს, მე არ მითანხმებენ, თუ როგორ შემოიტანონ ისინი“, — განაცხადა სიგუამ.
GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალზე მყოფი 22 წლის სტუმარი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია იყო.
ამ დღის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღე ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით GEM Fest-ის ახალგაზრდა სტუმრები მიჰყავთ.
ბოლო დროს GEM Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის შვიდი ადამიანი დააკავეს.