თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5,7 მლრდ აშშ დოლარი (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) შეადგინა, რაც 13%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) განცხადებაში.
2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,9%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტმა — 8,5% და 4,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ქართული პროდუქციის გაფართოებას, ექსპორტის გაზრდის დამატებით საშუალებებს შექმნის, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.