თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოში სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კანდიდატურას ევროპული სტრუქტურები სექტემბრის შუა რიცხვებამდე დაასახელებენ, განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ "საზმაუს" პირველი არხის ეთერში.
ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სკანდალურად ცნობილი ჰერბერტ ზელბერითანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ცნობილია, რომ ის კვლავ ბრუნდება დიპლომატიურ სამსახურში და გერმანიის ელჩი იქნება ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში.
"იმედი მაქვს, რომ იქნება რამდენიმე კარგი კანდიდატი, რომლებიდანაც აირჩევენ [ევროკავშირის ახალ სპეცწარმომადგენელს]. კანდიდატურის დასასახელებლად დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვთ, რის შემდეგაც ერთი კანდიდატი იქნება არჩეული. საბოლოო სიტყვას ქალბატონი მოგერინი იტყვის", — განაცხადა საბანაძემ.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ზალბერი საქართველოში იმყოფებოდა და სწორედ ამ ვიზიტს უკავშირდება სკანდალი. საქმე ისაა, რომ ცხინვალში ჩასულმა ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ნატალი საბანაძე თავს იკავებს აღნიშნული ორი მოვლენის დაკავშირებისგან, თუმცა მისი თქმით, ფაქტია, რომ ბატონი ზალბერი ახალ სამსახურში მიდის.
"ოფიციალურ საქართველოს არ შეუძლია [დიპლომატის გადაყენების] მოთხოვნა, მაგრამ ქართულმა მხარემ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ფაქტით საკუთარი უკმაყოფილება დაეფიქსირებინა", — აღნიშნა საბანაძემ.
ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, და რომლის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებშიც საქართველოსა და ორი დე-ფაქტო რესპუბლიკის გარდა რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.