თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეობიდან შესაძლო გაწვევის შესახებ აცხადებენ.
თბილისის შეშფოთების საგანი ზალბერის გამონათქვამები გახდა. მან ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. ზალბერის ცხინვალში ვიზიტისას, ბიბილოვის მილოცვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
„ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან. მე არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის, რომ ჩანაცვლდეს ეს კონკრეტული პირი. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია", — განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასასრულს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ მსგავს გამონათქვამებზე უფრო მკვეთრად უნდა უპასუხოს.
„ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა… დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამას ერთი პასუხი აქვს: „პერსონა ნონ გრატა"-დ გამოცხადება… ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასათვის გაფრთხილება", — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ოთხშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისათვის დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს" არ ცნობს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჰერმანმა აღნიშნა, რომ ზალბერმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი თავად უნდა აგოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ საქართველო ზალბერის სიტყვებზე ევროკავშირის ხელმძღვანელობის რეაგირებას ელოდება.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მაგრამ მოგვიანებით ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.