დიპლომატიური სკანდალი: თბილისი ბრიუსელის რეაგირებას ელოდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს ჰერბერტ ზალბერის სიტყვებზე განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ელოდება ევროკავშირის ხელმძღვანელობის რეაგირებას ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის სიტყვებზე, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.

ვიდეოჩანაწერი, სადაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი ცხინვალში ვიზიტისას ბიბილოვს გამარჯვებას ულოცავს, სხვადასხვა, მათ შორის ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.

„ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრის შემდეგ.

იანოშ ჰერმანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არ შეცვლილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
დიპლომატიური სკანდალი: საქართველოს საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩი დაიბარეს

„მინდა გავიმეორო, რაც მინისტრის მოადგილესთან, ბატონ დუნდუასთან ახლახან შეხვედრაზე ვთქვი. ევროკავშირი არ ცნობს ფორმატს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, არ ვცნობთ მის შედეგებსაც. მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით იმას, რასაც ევროკავშირი ცნობს — ესაა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მე წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას და, დარწმუნებული ვარ, იგივე პოზიციას წარმოადგენს ზალბერიც. მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. მას ექნება შესაძლებლობა თავად ილაპარაკოს ამ ვიზიტზე ოკუპირებულ რეგიონში", — განაცხადა ჰერმანმა.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მაგრამ მოგვიანებით ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0