თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის გამონათქვამთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ჰერმანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხვდება.
საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ვიზიტისას ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს აპრილში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. ამ მოვლენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი რამდენიმე ტელეკომპანიამ აჩვენა, მათ შორის "Rustavi 2"-მა.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება", — მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.
ზალბერი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მაგრამ მოგვიანებით ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.