თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს "შავ სიაში" შეიყვანენ და ის საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებს, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
ლუჟკოვი საქართველოს გასულ კვირაში საქართველოს მეუღლე ელენა ბატურინასთან და მოსკოვის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ლეონიდ ბოჩინთან ერთად ეწვია.
"არსებობს სპეციალური სია, სადაც შეყვანილი არიან ასეთი ადამიანები. შეიძლება, ლუჟკოვი თავის დროზე ამ სიაში შეტანილი არ იყო. მას ამ სიაში შევიტანთ და საქართველოში ვეღარ შემოვა", განაცხადა ხუციშვილმა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ლუჟკოვის ვიზიტმა საქართველოში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მანამდე ის, საქართველოს ხელისუფლების ინფორმირების გარეშე, აფხაზეთში იმყოფებოდა, ამით კი დაარღვია კანონი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისმა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი კანონი მიიღო.