თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დარიალის ხეობაში, სადაც „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადის, ამინდი გაუარესდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“ (Rustavi2).
გუშინ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-135 კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა მდინარე თერგის ადიდების გამო შეწყდა. მოგვიანებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო გზაზე ღვარცოფი მოვარდა, რის შედეგადაც საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა შეწყვიტა.
გზა საღამოს გაიხსნა.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
უწყების ხელმძღვანელ თამარ ბაგრატიას თქმით, თუ რაიმე პროცესები დაიძვრება, ღვარცოფი მოვარდება, ისინი სასწრაფოდ მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ინსტიტუტებს.
„ვითარება უმაღლესი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს!“ — განაცხადა ბაგრატიამ.
ამ დროისათვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საშიშროება არ არსებობს და მოძრაობა თავისუფალია.
ამასთან სპეცილისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პროცესების დაწყების საშიშროება ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის მიზეზი გლობალური დათბობის გამო დევდორაკის მყინვარის დნობაა.
საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა აკრძალულია ღამის საათებში: 00:00 საათიდან 07:00 საათამდე.