თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე ღამის საათებში აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. რამდენხანს გასტანს ეს რეჟიმი, ჯერჯერობით უცნობია.
საავტომობილო მოძრაობა დარიალის ხეობაში მდინარე თერგში წყლის დონის მომატების გამო გუშინ დღისით შეწყდა. მოგვიანებით გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე. წ. სამხედრო გზაზე ღვარცოფი ჩამოწვა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო–გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" დაკეტვისა და იქ მყოფი ადამიანების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.