თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპიტანი ამირან გვირჯიშვილი მოინახულა, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერაში" (Resolute Support) მონაწილეობის დროს დაიჭრნენ, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში ლანდშტულის ამერიკულ რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. აგვისტოს დასაწყისში ისინი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდნენ. გვირჯიშვილთან და ხახუტაშვილთან ერთად ტერორისტული აქტის დროს ასევე მსუბუქად დაშავდა კაპრალი გეგა ხარშილაძე, ხოლო უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ადგილზე დაიღუპა.
"მათი მდგომარეობა არის სტაბილური, მიდის გამოჯანმრთელებისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალმა ყველაფერი გააკეთა ოპერაციის მაღალკვალიფიციურად ჩატარებისთვის, ახლო მომავალში მათ გამოწერენ. ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს", — განაცხადა იზორიამ."
იზორიამ სამედიცინო პერსონალს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დახმარების დროულად აღმოჩენისთვის და კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისთვის" დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, რომელიც მინისტრს გერმანიაში ახლავს, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.
იზორია გერმანიას ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. ავღანეთში მან შეხვედრა გამართა როგორც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ხელმძღვანელობასთან, ისე ქართველი მშვიდობისმყოფელების პირად შემადგენლობასთან.
მისია "მტკიცე მხარდაჭერა", რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში. მისიაში საქართველოდან 870 სამხედრო მონაწილეობს.