თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მოუწოდებს, სანამ სწავლას განაგრძობენ, შეამოწმონ, არის თუ არა მათ მიერ შერჩეული უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზებული.
შესაბამისი განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სამინისტრო აფრთხილებს სტუდენტებს, რომ ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად ჩნდება გამოცდების გარეშე სხვადასხვა სასწავლებელში ჩარიცხვის შეთავაზებები, საიდანაც სტუდენტს თითქოს პირველივე სემესტრში შეუძლია სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში განაგრძოს.
„მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა — ავტორიზაცია“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განათლების სამინისტრო შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, არამედ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა შესაბამისი უფლებამოსილებისა და ავტორიზაციის გარეშე დასჯადია.
შეგახსენებთ: გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თხოვნით მიმართა შსს-ს, გამოეძიებინა უკრაინული უმაღლესი სასწავლებლების ფილიალების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც აბიტურიენტებს შეუძლებელს სთავაზობდნენ.
როგორც გაირკვა, ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალები, აგრეთვე ამ უკანასკნელის მოსამზადებელი ცენტრი არ იყო დაფიქსირებული საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რესსტრში, ვინაიდან არ ჰქონდათ გავლილი ავტორიზაცია. მიუხედავად ამისა, ეს სასწავლებლები მაინც უყრიდნენ თავს აბიტურიენტებს, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლის გაგრძელებას, შემდეგ კი სურვილის მიხედვით სხვა სასწავლებელში მობილობის მეშვეობით გადასვლას სთავაზობდნე.
არის თუ არა ავტორიზებული ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი, ამის გადამოწმება აბიტურიენტებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში შეუძლიათ ნომერზე: (+995 322) 20-02-20 (3599).