თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამამაკცს 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მკვლელობა 2017 წლის 23 აპრილს გლდანში მოხდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღიარა, რომ მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების სურვილით, ელექტროსადენით გაგუდა.
მამაკაცმა სასამართლოზე ჩადენილი დანაშაული აღიარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარეს საქმის მასალების მიღების შემდეგ გასაჩივრებისთვის ერთი თვის ვადა ექნება.