თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და "იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის" ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ჩატარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო" 2017 წელს Batumi Music Fest-ის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, შოპენის, ვაგნერის, სენ-სანსის, ლისტის, ბერლიოზის, დვორჟაკის, ლიგეტის, სმეტანას, გრიგისა და სხვათა უკვდავი შედევრები.
წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან.
შემსრულებელთა შორის არიან 28 წლის პიანისტი რუსეთიდან ალექსანდრა მასალევა, პიანისტი საფრანგეთიდან ნათანიელ გუნი, ვიოლონჩელისტი ბრიტანეთიდან ალექსანდრ ჩაუშიანი, პიანისტი იტალიიდან პიეტრო დე მარია, ფერენც ლისტის სახელობის კამერული ორკესტრი უნგრეთიდან, ქართველი პიანისტები დავით ალადაშვილი, ანა ყიფიანი, ვოკალური ანსამბლი "ქართული ხმები".
ტრადიციისამებრ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest-ს, 2 სექტემბერს, მისი დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნის. ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე გამოვა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი, ორკესტრს დავით მუქერია უდირიჟორებს.
საღამოზე აჟღერდება რიჰარდ ვაგნერის ოპერა "რიენცის" უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი.
ფესტივალის ფარგლებში 6 სექტემბერს, 20:30 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება პოეტური საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია.
Batumi Music Fest-ი დასრულდება 8 სექტემბერს ცნობილი ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, მიშელ სონის საერთაშორისო ფონდ SOS Talnets-ის ვარსკვლავების კონცერტით. სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ბოლქვაძე, მიშელ სონი და ფონდის წევრები. გალა-საღამოს პროგრამა გასაიდუმლოებულია.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში ჩატარდება.