თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ჟენევაში გამართულ გაეროს ღონისძიებაზე ამერიკელი კინოვარსკვლავი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი და ცნობილი ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე საპატიო სტუმრები გახდნენ.
საღამო ბრაზილიელი დიმპლატის სერჟიუ ვიეიერა დი მელუს ხსოვნას მიძღვნა, რომელმაც გაეროში 34 წელზე მეტი იმუშავა და 2003 წლის აგვისტოში, ბაღდადში, გაეროს შენობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ფოტო, სადაც ჯოლი და ბოლქვაძე ყვავილების თაიგულებით გვერდიგვერდ დგანან, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველმა პიანისტმა გამოაქვეყნა. ელისომ ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: "მსოფლიო ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლისთან ერთად UNOG-ის (United Nations Office at Geneva) საკონფერენციო დარბაზში, ჟენევაში".
საღამოზე ქართველმა პიანისტმა ბახის, შოპენის, პროკოფიევისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.
აღსანიშნავლია, რომ 2001 წლის 27 აგვისტოს ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩად ლტოლვილთა საკითხებში, საქველმოქმედო მისიებით კამბოჯასა და პაკისტანში სტუმრობის შემდეგ დაინიშნა. მას შემდეგ ის რეგულარულად სტუმრობს საქველმოქმედო მისიებით ქვეყნებს, სადაც ლტოლვილების პრობლემები უფრო მწვავედ დგას: კენიას, ტაილანდს, ეკვადორს, სუდანს, კამბოჯასა და სხვა.
ელისო ბოლქვაძეს წოდება "იუნესკოს მშვიდობის არტისტი" 2015 წლის იანვარში მიანიჭეს. გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ეს ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობისა და საქართველოში მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ–ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ–ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი "ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.