თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ქალბატონის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება დღეს, 16 დეკემბერს, — იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
სოლიდარობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის მხარდამჭერია „სოლიდარობის ფონდი“. ღონისძიების დევიზია „სიკეთე გადამდებია“.
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე, რომლის პატრონაჟითაც მკურნალობენ კიბოთი დაავადებული ბავშვები.
„სოლიდარობის ფონდმა“ უკვე დააფინანსა 151 ბავშვის მკურნალობა.
ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს, თბილისში დაიბადა. მუსიკალური ტალანტი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლისამ დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.
პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ–ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ–ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა“, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.
2015 წლის იანვარში ელისო ბოლქვაძეს მიანიჭეს წოდება „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“.
საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI–მ სრულმეტრაჟიამნი ფილმი მიუძღვნა ელისოს ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში. ამას გარდა, ქართველი პიანისტი ქალბატონი ხშირად შეგიძლიათ იხილოთ მუსიკალურ არხზე Mezzo.