თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. აღმაშენებელზე განთავსებული ღია კაფე–ბარების ნაწილი აღებულია, დაწესებულებები მუშაობას შენობებში განაგრძობენ, აღნიშნულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერი დავით ნარმანია "ახალ ტფილისს" ეწვია და 16 ღია კაფეს მფლობელი პირადად გააფრთხილა, რომ მათ უნდა წარმოადგინონ კანონიერი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან აიღონ კაფეები.
კაფეების მფლობელებს ასევე დაავალდებულეს ბანერებზე ქართული წარწერების განთავსება. ამ 16 კაფეს მიმართ დაიწყო საქმის წარმოება სამართალდარღვევაზე. გაფრთხილების შემდეგ 12 დაწესებულება მთლიანად აიღეს, ორი – ნაწილობრივ, ხოლო ორის მიმართ ჯერჯერობით არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
კაფე–ბარების მფლობელებს ვადა 14 აგვისტოს ეწურებათ. 16 კაფე–ბარიდან შვიდი ქართველებს, ხოლო ცხრა – უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს ეკუთვნით.
"მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში ღია კაფეების მოწყობისთვის სავალდებულო პროცედურებს გაივლიან, ისინი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ", ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სხვა კაფე-ბარების მიმართაც უახლოეს დღეებში მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება.
"ახალი ტფილისი" მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის მასშტაბური პროექტია, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნეს 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შედეგად გამზირის ნაწილი საფეხმავლო და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.
ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში "კონსერვაცია".