ნინო თორდია პროფესიით ინჟინერია, ცხოვრობს ზუგდიდში, ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში. დღესდღეობით ქალბატონი ნინო ემსახურება იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად უყვარს და აბედნიერებს, უვლის და ალამაზებს ბაღს, რომელსაც საკუთარი ისტორია და საკუთარი სახელი აქვს.
მისი მეუღლე, ფრიდონ ჭაჭუა, პროფესიით იურისტია, უკვე პენსიაზე გავიდა და ქალბატონ ნინოს საყვარელ საქმიანობაში დაუღალავად ეხმარება, რადგან მასაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყვავილებთან და მიწასთან ურთიერთობა. მათ ერთი შვილი ჰყავთ, რეზო, რომელიც მშობლების ერთადერთი ამომავალი სინათლე და იმედია.
"ჩემს ბაღს აქვს სული და გრძნობა, მას სტკივა და უხარია ჩემთან ერთად. ის ცოცხალი არსებაა და მე მასში შვებას ვპოვებ. შვებას ყოველდღიური პრობლემებისგან, შველას ჩემი ცხოვრების ტრაგედიისგან, შველას ჩემი დარდისგან", – ამბობს ქალბატონი ნინო.
ბაღი, რომლისაც ცოლ-ქმარი სათუთად დაჰკანკალებს და უვლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის, მაიკოს სახელს უკავშირდება.
"მაიკო ჩვენი ცხოვრების იმედი და სიხარული იყო. მუდამ პოზიტივით სავსე, რომელსაც ძალიან უყვარდა ბუნება, მცენარეები, ყვავილები. სწორედ მისთვის დავიწყე ეს საქმიანობა. როდესაც შიშველი ხელებით ვეხები მიწას, მჯერა, რომ მის ლამაზ სულს ვეხები. როცა ყვავილებს ველაპარაკები, ჩემი მაკო მისმენს და მაძლიერებს", – ამბობს ქალბატონი ნინო.
მაკო ულამაზესი გოგონა იყო, სიცოცხლით სავსე, მხიარული. უნდოდა ცხოვრებაში ბევრი რამე მოესწრო, თუმცა არ დასცალდა… მაიკოს საოცრად უყვარდა და უვლიდა ყვავილებს, ახარებდა მცენარეებს, რომლებიც უკვე მომაკვდავი იყო. ჯერ კიდევ სულ პატარამ მამიდას სახლიდან, ადლერიდან, ჩამოიტანა პასიფლორას ნერგი და გაახარა. ყველა მოწონებულ ყვავილს სახლში მოარბენინებდა… ახლა კი მისი მშობლები უვლიან ბაღს, რომელსაც მაიკოს სახელი ჰქვია. მათი დილა იწყება და დღე მთავრდება მაიკოს ყვავილებზე ზრუნვით, მოფერებით, შვილის გახსენებით, ტკბილი და ამავე დროს მწარე მოგონებებით.
"გულის ერთი მხარე გატეხილია, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩვენი მეორე შვილი, რომელსაც თავისი წილი სიყვარული და თანადგომა სჭირდება მშობლებისგან. სწორედ ის არის ჩვენი ნათელი წერტილი და იმედი", – ამბობს ქალბატონი ნინო.
"მაიკოს ბაღში" ამჟამად ხარობს მრავალი სახეობის როგორც ერთწლიანი, ასე მრავალწლიანი მცენარეები: სალვიები, გეორგინები, ამარანტები, ასტრები, სათითურა, ლუპინი, ალსტრომერია, ბუდლეა, გრაკლა, ირმის რქა, ფაცია, ჰიბისკუსები, ვარდები… ასევე მაქვს ოთახის მცენარეები: პილეა, ჰემანტუსი, გერანები, გვიმრა, კალათეა, არმა, რუელია, სანსევიერა და სხვა.
ბაღის გალამაზებას, მცენარეებით გამდიდრებას კვლავ აგრძელებს ქალბატონი ნინო. მას ღრმად სწამს, რომ ამით გარდაცვლილი შვილის სულს უკვდავყოფს.